ამ ფოტოებს შემთხვევით წავაწყდი, თანმიმდევრობა შევცვალე და პატარა ამბავი გამოვიდა.
The End
Photos by TJ Scott
ფანჯარაში გავიხედე, ბნელა, დენი როდის გაითიშა ვერ შევამჩნიე… გარეთ მთვარის შუქი ანათებს, მაგრამ ცაზე მთვარე არ ჩანს. კორპუსს ავიაგამანადგურებელმა გადაუფრინა და ორი ჭურვი ჩამოაგდო. ერთი ჩემს სადარბაზოსთან დავარდა, რაღაცნაირი მოგუდული ხმა ჰქონდა: დგუმპ-დგუმპ და გაგორდა… წამებში ვხვდები, რომ გაქცევას აზრი არ აქვს, ჭურვი ჩემზე სწრაფია და აფეთქდება… ასფალტზე დაგდებულ საკუთარ სიკვდილს ვუყურებ და ვითვლი: ერთი, ორი, სამი… რამდენ წამში უნდა აფეთქდეს? ალბათ ათში… ათი…. ოცი… მგონი გადავრჩი…
აქ გაჩერება არ ღირს… გამოვედი სადარბაზოში, კორპუსი სრულიად ცარიელია, დაბლა ხალხი გარბის ქაოსურად… უნდა გავიქცე… თვითმფრინავების ხმა არ წყდება…. კიბეზე ჩავრბივარ… მეორე თუ მესამე სართულზე მეზობლები შეყუჟულან ერთ-ერთ ბაქანზე…
- ჩემები სად არიან? – ვეკითხები…
არაფერი იციან…. მთხოვენ, მათთან დავრჩე, ქუჩაში ქაოსია და კორპუსი უფრო უსაფრთხოა… სხვა რა გზა მაქვს, ვრჩები… ახლა შევამჩნიე, რომ მოკლე მაისური მაცვია და გარეთ საშინელი სიცივეა… ზამთარი როდისღა მოვიდა?… გავიყინე, მაკანკალებს, მეშინია, სიკვდილს ვუყურებ თვალებში და ძალიან მცივა… როცა ვნერვიულობ, მცივა და სულ გაყინული ვარ… ისიც ვიცი, რომ სიკვდილის წინ სცივათ ხოლმე… თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს ვეუბნები: – გაიღვიძე! გაიღვიძე! თვალები გაახილე და გაგეღვიძება!
თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე… მცივა, ძალიან მცივა… სულ გაყინული ვარ…. დილაა, მარცხნიდან ლუკას მშვიდი სუნთქვა მესმის, ძილში იღიმის, ასე იცის ხოლმე, ალბათ კარგ სიზმარს ხედავს…
პ.ს. ამ სიზმარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის ქვეცნობიერი სიზმარში იღვიძებს…
დღეს ”გაღმა ნაპირი” ვნახე, კი არ ვუყურე, ვნახე….. თითქოს იქ ვიყავი, მთვარ გმირთან, თან დავყვებოდი, მატარებლიდან ხელი მეც მკრეს და მანქანიდან მეც გადმომაგდეს, რუსებმა ის ქართველიც ჩემს თვალწინ მოკლეს, თედოს ნაქონი სათამაშო მეც ვიცანი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან ტყვარჩელის პეიზაჟიც საკუთარი თვალით დავინახე და მე ვცეკვავდი პირველად და თავდაუზოგავად, მთელი ჩემი არსებით…
თედოზე რომ ორი სიტყვა მაინც არ დავწერო არ შემიძლია…. მისი ნამდვილი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი წავიკითხე სულ ახლახანს, ძალიან გული დამწყდა, წარმოვიდგინე, მთელი ამ ფეიერვერკების მერე, როგორ მიჩუმდა მისი ცხოვრება… წარმოვიდგინე საკუთარი თავი…. როგორი მძიმე იქნებოდა სოფელში დაბრუნება…. ისევ ყოველდღიურობასთან შეგუება…
დიდი სურვილი მაქვს თედომ ისწავლოს და ბევრი როლი ჰქონდეს, თუმცა, ეს პირველი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

We’re Together!!!
That means something…
No, not something,
but much more than anything else in the world!!!
ახალი მანია დამეწყო: jobs.ge – დილით, შუადღით, დღეში ასჯერ….
ვარჩევ: ვაკანსიებს, რომლის ყველა მოთხოვნასაც აკმაყოფილებს ჩემი მრავლისმომცველი CV, ვაგზავნი ყველა წესის დაცვით – საბჯექთში ვაკანსიის დასახელება, სამოტივაციო წერილი, ფოტოსურათი და მსგავსი ”ახირებები”
მიკვირს, არავინ რეკავს, რატომ? წარმოდგენა არ მაქვს. თუ დარეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს, იმის იქით აღარ მიდიან – ”თქვენ ძალიან კარგი კადრი ხართ, შეგეხმიანებით” – სულ ესაა, შარშანდელი თოვლივით იკარგებიან. არადა, დავისვენე კარგად და მუშაობა მინდა, full of with new ideas and energy… არავის უნდა შრომისმოყვარე, ნიჭიერი (აქ ცოტას წამოვწითლდები) და განათლებული (აქაც
) კადრი?
CV-ს და სამოტივაციო წერილის წერაში დავხელოვნდი, გასაუბრებებზე ისე დავდივარ, თითქოს ჭიქა ყავაზე მეპატიჟებიან, აქეთ ვაკეთებ ხოლმე ინტერვიუერის ფსიქოანალიზს….
მოკლედ, ამას წუწუნ-პოსტად დავტოვებ, და მომდევნო პოსტში შევეცდები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე ”რჩევა” დავწერო, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
ეს ვიდეო ისე, როგორც ანტი we don’t need no education… განვავრცობდი, რომ არ მეძინებოდეს
ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება…

შემოდგომის პირველი დღის პირველი საათებია. რომ მკითხოთ, წელიწადის რომელი დრო გიყვარსო, დაუფიქრებლად ვიტყვი – ზაფხული მეთქი, მაგრამ შემოდგომა უფრო ახლოსაა ჩემთან…
გრილი, მაგრამ მზიანი დღე, დილა განსაკუთრებით, პატარა სუსხიც რომ შეიგრძნობა, წინა ღამით ხეებიდან ჩამოყრილი ყვითელი ფოთლების შარი-შურით მივიწევ წინ, ნელი, მოზომილი ნაბიჯით. ფეხსაცმელი მტვრიანდება, მაგრამ სულაც არ მაღელვებს, ეს ფოთლების მუსიკა ისეთ სიამოვნებას მგვრის. დილაადრიან გაღებულ კაფეში შევდივარ და ჭიქა ყავით ფანჯარასთან განვმარტოვდები, მიყვარს ქუჩაში ყურება, ადამიანების თვალიერება… მიყვარს შემოდგომა, სუსხშეპარული მზიანი დღეები და მოშარიშურე გამხმარი ფოთლები…
დრო ცოტა მაქვს, სამსახურში მაგვიანდება. თანაც ქალაქი ახმაურდა და სასიამოვნო წუთებიც აქ დასრულდა, შეუძლებელია ამ ხმაურში ფოთლების მუსიკა მოისმინო.
ხვალ დილით ისევ მოვალ…
მორიგი კულინარიული პოსტი
ბულგარული წიწაკა უკვე საკმაოდ გაიაფდა
, ამიტომ გადავწყვიტე ერთი უგემრიელესი ბლუდის რეცეპტი დავდო, რომლის მომზადება სახელდახელოდაც შეიძლება და ზამთრისთვის, კონსერვის სახითაც.
1 კგ ბულგარული წიწაკა (მწვანე, წითელი, ყვითელი)
2 კონა ნიახური
1 თავი ნიორი
1 ჭ. ზეთი, 1 ჭ. წყალი, ნახ. ჭ. ძმარი, მარილი
ბულგარულ წიწაკას ამოვაცალოთ გულები (მთლიანი უნდა შენარჩუნდეს) და გავრეცხოთ კარგად. გავთუთქოთ ადუღებულ მარილიან წყალში (არ უნდა ჩაიხარშოს). რომ მომზადდება, ამოვიღოთ ქაფქირით საწურზე, დავაცადოთ გაცივება. ზეთი, წყალი და ძმარი შევურიოთ ერთმანეთს და წამოვადუღოთ, დავამატოთ დაჭრილი ნიახური, ნიორი და მარილი კიდევ წამოვადუღოთ (გავსინჯოთ, თუ აკლია რაიმე, დავამატოთ). ჩავალაგოთ გათუთქული წიწაკა და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მიირთვით ცივად (აუცილებლად!), განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, ძალიან უხდება ლობიოს, შემწვარ კარტოფილს, კარტოფილის პიურეს…
ფორუმების და სოცქსელების აქტიური მომხმარებელი რომ ვარ, არავისთვისაა ახალი ამბავი. ჰოდა, ეს პოსტი მინდა ასევე აქტიურ მომხმარებლებს მივუძღვნა და ფ/ბ-ზეც უნდა დავაშეარო. მიზეზი კი პოსტი გახდა ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც მისი ავტორი სხვის კუთხურობას აკრიტიკებს და თვითონ იმავე, რამდენიმე სიტყვიან პოსტში 2-3 ძალიან უხეშ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომა რომ სასვენ ნიშნებს ეხებოდეს, კიდევ რა გვიჭირს. უბედურება იმაშია, ”ლამის” და ”რამის” რომ ვერ განგვისხვავებია. რა არის ”რამის”? რის? ამის თუ იმის? ბევრი რომ არ ვიდაოთ ერთი ან მეორე ვარიანტის სისწორეზე, ანა კალანდაძის ლექსს მოვიყვან დასტურად:
ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი…
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი…
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი…
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.
ფორუმია და არა საკონტროლო წერა, კი ბატონო გასაგებია, შეიძლება ”სახლში”-ს ნაცვლად ”სახში” დაწერო, ვიგულისხმებთ, რომ ავტორმა იცის(?) სწორი ფორმა და სხვა მრავალი ასეთი, მაგრამ როცა თვითონ ძირეულ შეცდომებს ვუშვებთ, იქნებ სხვის კუთხურ გამოთქმებს თავი დავანებოთ დროებით მაინც, სანამ საკუთარი მეტყველების სისწორეში დავრწმუნდებოდეთ.
მე ახლა შორს ვარ, ძალიან შორს…. თუმცა ეს სიშორე ძალიან პირობითია….. იმიტომ რომ მე შენში ვარ და მუდამ ვიქნები….. იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ…..
მე მახსოვს შენი აღმოჩენა, მერე დაბადება…
მახსოვს შენი პატარა, კოტიტა თითუნები, პირველი აზრიანი შემოხედვა, პირველი სიცილი, პირველი ნაბიჯები….
მახსოვს შენი სუნთქვა და მისგან წამოსული სითბო, ის ტირილამდე მისული სიხარული შენი სიახლოვე რომ იწვევდა…
მახსოვს შენი პირველი მზის სხივი, პირველი ზღვა, პირველი თოვლი…. ისიც მახსოვს, რა გაკვირვებული იყურებოდი ცაში და ვერ იგებდი საიდან გეცემოდა წყლის წვეთები….
მახსოვს შენი პირველი სიტყვები, პირველი სიხარული, პირველი სათამაშო….
მახსოვს, როგორ ამაყად მიაბიჯებდი საბავშვო ბაღში და რა ბევრი იტირე პირველ დღეს… პირველი კლასი და პირველი მასწავლებელი…. მერე სტუდენტობა…..
მე შენი ცხოვრების ყოველი დღე მახსოვს…. რომ ვერ მხედავ, არ ნიშნავს, რომ აღარ ვარსებობ….. მე ყოველ წამს შენთან ვარ, გიყურებ ყველა მხრიდან, ჩემთვის არ არსებობს საზღვრები, ჩემთვის ყველაფერი გამჭვირვალეა…. შენც გამჭვირვალე ხარ, იმიტომ რომ შენი ყველა ემოცია ვიცი, ისევე განვიცდი, როგორც შენ…..
მე შენში ვარ, იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ….
მე შორს ვარ, ძალიან შორს… მაგრამ ეს სიშორე პირობითია…