მოხუცი ყოჩივარდებით


ადრიანი გაზაფხულის გვიანი,  სუსხიანი საღამო იყო. თავისუფლების მოედანზე ამოვედი მეტროდან და გარე განათებებით გაჩახჩახებულ რუსთაველს ავუყევი ფეხით. წინა წლებთან შედარებით ეს ზამთარი უფრო გრძელი და ცივი მეჩვენა, უჩვეულოდ სუსხიანი გაზაფხულის პირველი თვე იდგა. მარიოტის მოპირდაპირე მხარეს, გაბრდღვიალებული კაზინოს წინ ერთი მოხუცი იდგა ყოჩივარდებით ხელში და ყველა გამვლელს სთვაზობდა, ცდილობდა, როგორმე გაეყიდა. შორიდანვე შევამჩნიე მოხუცი და დავაკვირდი. გლეხურად, მაგრამ სუფთად ეცვა, ძველი, დროისგან გაცრეცილი კეპი ეხურა, სითბოსგან ვერ იცავდა, მაგრამ ეტყობოდა, ისე შეჩვეოდა ქუდს, რომ სიცივესაც არ დაგიდევდათ, ძველ მეგობარს ასეთ სუსხშიც არ უღალატა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, სახის გარჩევაც დავიწყე. ოდნავ მოშვებული წვერ-ულვაში, სიცივისგან გაწითლებული ცხვირი, დაღლილი თვალები – ტიპიური ქართველი ბაბუ.

კაზინოსთან შავი ML გაჩერდა. გულმა მიგრძნო, ვინც არ უნდა გადმოსულიყო მანქანიდან, ბაბუს გარეშე ვერ გაივლიდა მცირე მონაკვეთს კაზინომდე. ნაბიჯი შევანელე. ნიკოტინით ორგანიზმის გაჟღენთვის სურვილი მოვიმიზეზე და ზლაზვნით ამოვიღე სიგარეტის კოლოფი. მარჯვენა კარი გაიღო და სეზონისთვის შეუსაბამოდ თხელ, მოკლემკლავიან, ერთიანად ბისერებისგან აბრჭყვილებულ მოკლე კაბაში გამოწყობილი 20-22 წლის გოგონა გადმოვიდა. მარცხენა კარიდან კი 40-45 წლის სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი. გოგონა შვილად უფრო შეეფერებოდა, თუმცა გენეტიკური მსგავსება ნამდვილად არ შეინიშნებოდა. მამაკაცმა ირგვლივ თვალი მოავლო და კაზინოსკენ დაიძრა. მე ასანთს დავუწყე ძებნა საკუთარ ჯიბეებში. მოხუცს გაუსწორდნენ.

– ყოჩივარდები არ გინდა, შვილო?

– წადი ერთი შენიც…… – მიაძახა მამაკაცმა და გოგონას არც კი დალოდებია, ისე გაუჩინარდა კაზინოს წყვდიადში.

მოხუცი ერთხანს გაუნძრევლად იდგა, მერე თავი დახარა და იქვე კედელთან დადებულ პატარა ჩანთას ბარ-თოხზე მუშაობით  დაკოჟრილი ხელებით დასწვდა. მივუახლოვდი.

– ბაბუ, რა ღირს ყოჩივარდები?

– აღარ ვყიდი, შვილო… – ცრემლიანი თვალებით ამომხედა.

– მომყიდე, მთლიანად მინდა… – პასუხს აღარ დაველოდე, ფული გავუწოდე და მთელი შეკვრა გამოვართვი. – მეტროსკენ ხომ არ მოდიხარ, ბაბუ?

თავი დამიქნია მორცხვად.

– ერთად წავიდეთ, მეც იქით მოვდივარ.

მეტრომდე ხმის ამოუღებლად ვიარეთ. რამდენჯერმე რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ მოხუცი ისე იყო ფიქრებში გახვეული, მომერიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მთელი გზა ცდილობდა ჩემს  ახალგაზრდულ ნაბიჯებს ენერგიულად აჰყოლოდა, თანაც შინ მიეჩქარებოდა, ალბათ ელოდა ვიღაც.


2 thoughts on “მოხუცი ყოჩივარდებით

  1. ახლა ისეთ უსუსურ მდგომარეობაში ვარ ყველაფერზე მეტირება…ჩემი ბაბუა იყო ეგ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s